საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი უნდა გახდეს, _ ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ ბაქოში გამართულ აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო და სოციალურ სფეროში თანამშრომლობაში გამოიხატება.
"საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი მეგობრობა სხვა ქვეყნებისთვის, შესაძლოა, მისაბაძიც კი გახდეს. ორივე ქვეყნის ურთიერთობებში არის რაღაც გამოწვევები, თუმცა ამ გამოწვევებს ერთობლივად უნდა გავცეთ პასუხი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტისას ილჰამ ალიევმა მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე ერთობლივი პროექტი განიხილა და შეაჯერა. ახლა მნიშვნელოვანია, ამ პროექტების რეალიზაცია მოვახდინოთ", - განაცხადა რასიზადემ.
მისი განცხადებით, აზერბაიჯანის ეკონომიკა 10,9 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ეს ქვეყნის ხელისუფლებისთვის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი არ არის და მთავრობა ამ მიმართულებით რეფორმების გატარებას განაგრძობს.
"დიდ ყურადღებას ვაქცევთ სატრანზიტო კორიდორის შექმნას და ტრანზიტის გაფართოებას. სწორედ ამ მიზნით შევქმენით მუდმივმოქმედი საბჭო. ამ საბჭოს მუშაობა მნიშვნელოვანი იქნება როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე საქართველოსთვის", - განაცხადა რასიზადემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 454,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 83,9 პროცენტით მეტია 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მთლიან სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტის მოცულობა 359 მილიონი დოლარია, ხოლო 2009 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 59,9 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა. 2010 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, აზერბაიჯან-საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 175,4 მილიონი დოლარი შეადგინა. დღეს აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანში იზრდება მეგობარი ქვეყნების კომპანიების რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში დღეისთვის 170 აზერბაიჯანული ფირმაა რეგისტრირებული. მათ შორისაა აზერბაიჯანული "სოკარის" წარმომადგენლობა, აზერბაიჯანული განვითარების ბანკის წარმომადგენლობა და ავეჯის მწარმოებული კომპანია "ემბავურის" წარმომადგენლობა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ოფიციალური მონაცემებით, იქ 90 ქართული ფირმის წარმომადგენლობაა რეგისტრირებული.