ვფიქრობ, უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ვეტოს მხარი არ დაუჭიროს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებულ ვეტოზე საუბრისის განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ პრეზიდენტი გარკვეულ ჩარჩოებს გასცდა, რასაც პროფესიონალური ანალიზი ჰქვია და გარკვეული პოლიტიკური პოზიცია დაიკავა.
„მოტივირებულ შენიშვნებში ჩავიხედავთ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანია და დაფუძნებულია სიღრმისეულ ანალიზზე. ვფიქრობ, უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ვეტოს მხარი არ დაუჭიროს. „ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ ავტორიტეტული სტრუქტურააა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და ნათლად განმარტა, თუ რას ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს. კომერციული რეკლამა შეზღუდული დროით იმ ბადეს ხელს არ შეუშლის, რომელიც სხვა ტელევიზიებს გააჩნიათ. ამას გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებს, სამეურვეო საბჭო არსებობს, რომელიც პროფესიონალებისგან შედგება და გადაწყვეტილებას იღებს. კარგი გამოცდილება გვქონდა, როცა ვეტოს დაძლევაზე უარი ვთქვით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი ისევ თავის პოლიტიკურ პლატფორმას დაუბრუნდა. შეიძლება, თავისი მიდგომა პროფესიონალურად ჩამოაყალიბოს, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი გარკვეულ ჩარჩოებს გასცდა, რასაც პროფესიონალური ანალიზი ჰქვია და გარკვეული პოლიტიკური პოზიცია დაიკავა. დაპირისპირების თემა და თავის მოწონება არსებობს იმ გარკვეული ჯგუფის მიმართ, რომელსაც პრეზიდენტი თავის მოკავშირეებად განიხილავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვეტო დაადო.