"სახელმწიფო სიმბოლიკა იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო სიმბოლოების დაცვის სტანდარტები კონსტიტუციის დონეზე ამაღლდა.
„მნიშვნელოვნად ამაღლდა სახელმწიფო სიმბოლოების დაცვის სტანდარტები კონსტიტუციის დონეზე. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელი იყო სახელმწიფო სიმბოლიკის, დროშის, გერბის და ჰიმნის შეცვლა 76 დეპუტატის მხარდაჭერით, ყოველგვარი განსაკუთრებული პროცედურების გარეშე, რაც ბუნებრივია, იყო წინააღმდეგობაში სამართლებრივ ლოგიკასთან და ეს პრინციპი შეიცვალა. დღეისათვის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას ესაჭიროება უკვე კონსტიტუციური პროცედურა, სამი მეოთხედის უმრავლესობა და სათანადო გართულებული პროცედურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს დაცული სახელმწიფო სიმბოლიკა, სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.