"აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამ გადაწყვეტილებას ვაფასებ, როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივ გადაწყვეტილებას,“, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მუსტაფაევას შეფასებით, ეს არის გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მიერ, საქართველოში დაწყებული და აზერბაიჯანში გაგრძელებული დანაშაული.
„აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობამ გაანეიტრალეს გამომძიებელი ჟურნალისტი თავისუფლების აღკეთით, თუმცა მის დაწყებულ საქმეს მე და მისი კოლეგები დავასრულებთ“- წერს მუსტაფაევა
დღეს 12 იანვარს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურა მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თავად ჟურნალისტი კი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთანაა გარიგებული.