სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გია გალდავასთან ერთად, ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანალობას ჭადრაკის სასახლეში შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის - გია გიორგაძის მხრიდან ქართული ჭადრაკის დღევანდელ მდგომარეობასა და გეგმებზე ინფორმაცია მოისმინა.
გიორგაძის განცხადებით, უახლოესი პერიოდის 2 მნიშვნელოვანი მოვლენა ჭადრაკის ფედერაციისათვის ბათუმში 19-29 სექტემბერს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება და მოჭადრაკეთა ოლიმპიადისათვის მზადებაა, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრებს ჩემპიონის ტიტულის დაცვისათვის ბრძოლა მოუწევს.
ლადო ვარძელაშვილის თქმით, ჭადრაკს საქართველოში უდიდესი ტრადიციები გააჩნია და სამომავლოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოჭადრაკეთათვის ყველა ის პრობლემა მოგვარდეს, რაც დღეისათვის ფედერაციაში არსებობს.
"ჩვენ ფედერაციების მხრიდან სამომავლო გეგმების წარმოდგენას ვითხოვთ, რის შემდეგაც გაირკვევა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი. სამომავლო გეგმა ჭადრაკის ფედერაციამაც უნდა წარმოადგინოს. ჭადრაკის განვითარებაზე ზრუნვა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მიმდინარეობს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას და ამოქმედდეს ჭადრაკის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ჭადრაკის სამომოვალო განვითარებისათვის ინფრასტრუქტურისა და სხვა აუცილებელი პრობლემების მოგვარებისათვის", - განაცხადა ვარძელაშვილმა.