იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დაბალი კონკურენციის მისაღებად საბჭოს წევრებმა წინასწარ გათვალეს გარკვეული ქმედებები, მისი თქმით, გამოცდილი მოსამართლეების ნაწილი იმ 19-კაციან სიაში მოხვდა, რომლებმაც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ბარიერი ვერ გადალახეს.
,,ეს 19 ადამიანი კენჭისყრაზე არ დაუშვეს. ვერ ვიტყვი, რომ ამ 19 ადამიანში ძალიან ცნობილი გვარებია, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივი დროით მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში. ამიტომ ხშირად იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც არჩევანი ცოტა იყო. ძალიან შემცირდა კონკურენცია იმის ხარჯზე, რომ წინასწარ იყო ეს ყველაფერი გათვლილი, დაანგარიშებული. მათ შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყვნენ რეზერვში და საკმაოდ ხანგრძლივი დროით იყვნენ გამოთიშული სასამართლო სისტემას“, – განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ამ დრომდე უცნობია იმ ადამიანთა სია, ვინც ვერ გადალახა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენურობის კრიტერიუმი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.