26 ივლისიდან "ეროვნული ფორუმი" არჩევნების ბიომეტრიული პასპორტებით ჩატარებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მომავალი კვირის დასაწყისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ. სიმართლე გითხრათ გაგვიკვირდა როცა ხელისუფლება ჩვენს ინიციატივაზე წამოვიდა და როგორც იცი ხოლმე არ გაჯიუტდა", - განაცხადა მელაშვილმა.
მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ინციატივის დაყენებისთვის 30 ათასი ხელმოწერა საჭირო, თუმცა "ფორუმი" გაცილებით მეტ ხელმოწერის მოგროვებას გეგმავს, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ამ ინიციატივას მხარს არა მარტო ოპოზიცია, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილი უწერს მხარს.
"ბიომეტრიული მონაცემებით, არჩევნების ჩატარება გამორიცხავს ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემას, რაც არჩევნების გაყალბება ფაქტიურად გამოირიცხება", - აღნიშნა მელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემებში მისი ბიომეტრიული პარამეტრების შეტანასა და არჩევნების დღეს ამომრჩევლების იდენტიფიცირებას სწორედ ბიომეტრიული პარამეტრების მეშვეობით ითვალისწინებს.
კანონმდებლობით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა მხოლოდ პარლამენტარებს, მთავრობას და პრეზიდენტს შეუძლია. სხვა შემთხვევაში კი საჭიროა 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება იმისთვის, რომ კანონპროექტი პარლამენტმა განსახილველად მიიღოს.