საქართელოს ბიზნესასოციაცია საქართელოს ფინანსთა სამინისტროსთან უკვე ნახევარი წელია საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებზე მუშაობს. ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ შექმნილ, ახალ საგადასახადო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში ჩაერთო. აღნიშნული ჯგუფის უპირველესი მოვალეობა ბიზნესსექტორიდან კოდექსთან დაკავშირებით შემოსული შენიშვნების განხილვა და ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდება წარმოადგენდა.
თვენახევრის განმავლობაში ჯგუფმა მოამზადა და წარადგინა სამასზე მეტი შენიშვნა და კომენტარი, რომელთა დიდი ნაწილი იქნა კიდეც გათვალისწინებული ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში. სამუშაო ჯგუფს, გარდა ფინანსთა სამინისტროსთან ყოველდღიური კონტაქტისა, ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით სამი შეხვედრა ჰქონდა ასევე პრემიერ მინისტრთან.
საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები, კანონპროექტის პარლამენტში შესვლის შემდეგ, აქტიურად მონაწილეობდნენ საკომიტეტო მოსმენებზე და ახლა უკვე პარლამენტს აწვდიდნენ იმ შენიშვნებსა და წიანდადებებს, რომლებზეც შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან ვერ მოხერხდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ბიზნესასოციაცია მიიჩნევს, რომ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, იგი მაქსიმალურად იყო ჩართული ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვაში. შესაბამისად, თუ იქნება საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პოლიტიკური ნება, არსებობს შანსი, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეგიონში ერთ ერთი ყველაზე პროგრესული და დახვეწილი საგადასახადო კანონმდებლობა. ბუნებრივია, თუ მოხდა ქართული ბიზნესსაზოგადოების მიერ არაერთგზის მიწოდებული ობიექტური შენიშვნების და კომენტარების გათვალისწინება.