ევროპაში უეფას ევროპის ლიგის მეორე საკავალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა. სამი ქართული გუნდიდან მომდევნო ეტაპზე გასვლა ორმა - "დინამომ" და "ზესტაფონმა" შეძლო.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ზესტაფონმა გუშინ, სლოვაკურ "დუკლასთან" გასვლით შეხვედრაში 0:1 წააგო, მაგრამ მომდევო ეტაპზე გავიდა, რადგან ერთი კვირის წინ, ზესტაფონში 3:0 ჰქონდა მოგებული. მესამე ეტაპზე იმერული კლუბი უკრაინულ "კარპატს" ეთამაშება. 29 ივლისს "კარპატი" ქართულ გუნდს ლვოვში უმასპინძლებს, 5 აგვისტოს კი საპასუხო შეხვედრა ზესტაფონში გაიმართება.
თბილისის "დინამომ" შვედურ "გეფლეს" ამჯერადაც 2:1 მოუგო. კახა კაჭარავას გუნდმა მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრა. ანგარიში შვედური მატჩის მსგავსად თბილისშიც მათე ვაწაძემ გახსნა, როდესაც 69-ე წუთზე კაპიტან ალეკო კოშკაძის გადაცემა მიიღო და ახლო მანძილიდან თავით ზუსტად დაარტყა. 82-ე წუთზე კი, შეცვლაზე შემოსული ზვიად მეტრეველის აქტიურობას მეორე გოლი მოჰყვა. მეტრეველი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მცველებთან ჭიდილში წაქცეულმა პასის გაკეთება მაინც შეძლო, გოლი კი ნიკა ფირცხალავამ გაიტანა - 2:0. დარჩენილ დროში შვედებმა ანგარიში გაქვითეს, - 2:1. "დინამო" 29 ივლისს ავსტრიაში "შტურმთან" ითამაშებს, 5 აგვისტოს კი მეტოქეს თბილისში დაუხვდება.