"დღის ბოლოს კიდევ ერთი კონსილიუმი ჩატარდება და გადაწყდება, მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ თემირლან მაჩალიკაშვილს გადაიყვანენ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"დღევანდელ კონსილიუმზე კონსულტაცია მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა. საკუთრივ ნეიროქირურგიული ჩარევის დროს რაც უნდა გაკეთებულიყო ცალსახად, გაკეთებულია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მთელი აქცენტი ახლა არის რეანიმაციულ მოვლაზე, რომ პოტენციური გართულებები იყოს თავიდან აცილებული. შუადღეზე კიდევ ერთი კონსილიუმი იქნება, რომელშიც რეანიმატოლოგები მიიღებენ მონაწილეობას და ვფიქრობ, დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვიქნებით ჩამოყალიბებული. საბოლოო გადაწყვეტილება გამოიხატება იმაში, რომ მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადავიყვანთ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ პაციენტს მკურნალობა ჯანდაცვის სამინისტროს პატრონაჟით უტარდება და დაფინანსებაც სახელმწიფოს სახსრებით ხდება.