ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ქართულ, ასევე საბჭოთა სისტემაში ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში მუშაობდა და დღესაც მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომლიც აუბედურებს უამრავ ადამიანს, რომელიც ასევე სამართალდამცველების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს და ჩვენ ვხედავთ ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ჯგუფი თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, რომლებიც მოწოდებული უნდა იყვნენ, რომ ადეკვატურობის და ლოიალურობის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა. მე მიხარია, რომ გამოვდივართ იმ სტერეოტოპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა. შემიძლია ზოგადად ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს - როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელოც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი 27 დეკემბერს დაუჭირა.