თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა მცირდება. ვაშინგტონმა თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა განაახლა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების გამოსწორება გახდა.
საქმე არასაიმიგრაციო ვიზებს ეხება, რომელთა გაცემაც ვაშინგტონმა ოქტომბრის დასაწყისში შეაჩერა. მიზეზი კი ანკარის მიერ შეერთებული შტატების გენერალური საკონსულოს თანამშრომლის დაკავება გახდა, რომელიც ანკარამ პუტჩისტებთან კავშირში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ ვაშინგტონმა ანკარიდან ელჩიც გაიწვია.