ჟურნალისტთა კავშირი "სხივი" გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის გასხვისებას აპროტესტებს. როგორც კავშირის ხელმძღვანელი თამაზ ბიბილური გამარტავს, მან არაერთხელ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით, რათა არ მომხდარიყო ამ შენობის პრივატიზაცია.
ბიბილურის განმარტებით, მან წერილები ჯერ კიდევ მაშინდელ მინისტრს ლაშა ჟვანიას გაუგზავნა, ვისგანაც მიღო პასუხად, რომ "ჟურნალისტთა სახლი" გამომცემლობა სამშობლოს შენობა აღარ დაუბრუნდებოდათ ჟურნალისტებს.
"ამის შემდეგ ვიყავით შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილესთან სულხან სისაურთან, რომელმაც შემოგვთავაზა რომ 50 პროცენტი შენობისა ყოფილიყო ჟურნალისტების, ხოლო 50 პროცენტი გასხვისდებოდა, რაზეც ჩვენ არ წავედით, რადგანაც მიგვაჩნია რომ "ჟურნალისტთა სახლი" ჟურნალისტებს უნდა ეკუთვმნოდეთ", - განაცხადა ბიბილურმა.
იგი განმარტავს, რომ აუქციონი, რომელიც ხვალისთვისაა დაგეგმილი არ უნდა შედგეს, თუმცა მისი გათვლებით აუქციონი არც ჩატარდება, რადგანაც ხელისუფლება მორიგ ფანდს მოიფიქრებს და იტყვის რომ აუქციონს ვერ ვატარებთ იმიტომ რომ შენობაში დევნილები არიან ჩასახლებულიო. აუქციონის გაუქმების შემდეგ კი სახელმწიფოს შესაძებლობა ეძლევა უფრო იაფად გაყიდოს შენობა, მაშინ, როდესაც უზარმაზარ შენობას დღესაც "ჩალის ფასად" 12 მილიონ დოლარად ყიდის.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 23 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის გასხვისებას შეეცდება. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, კოსტავას ქ.#14-ში მდებარე შენობა-ნაგებობეი და მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 12 მლნ. დოლარს შეადგენს. საპრივატიზაციოდ გატანილი შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 21 770 კვ.მ-ია, ხოლო მიწის ნაკვეთის - 9 447. აუქციონის ბიჯი 500 000 ლარით განისაზღვრა. გამოცემლობა "სამშობლოს" შენობა აუქციონზე ერთხელ რამდენიმე წლის წინ გავიდა, თუმაც მაშინ განაცხადების არარსებობის გამო არ გაიყიდა.