"საქპატენტი" საავტორო უფლების დასაცავად ახალ გეგმაზე მუშაობს, ამ მიზნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ავტორთა უფლებების დასაცავად ახალ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს, რათა ავტორებმა სხვადასხვა სახის მოსარგებლეების მიერ გამოყენებული მათი ნაწარმოებებისთვის გარკვეული ჰონორარები მიიღონ.
"საქპატენტის" ხელმძღვანელობასთან ერთად შეხვედრას საქართველოს ავტორთაAსაზოგადოების თავმჯდომარე ელგუჯა შაფათავა, კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელი კახა ცაბაძე, ასევე, მერაბ კოკოჩაშვილი, იურისტები და ადვოკატები დაესწრნენ.
"საქპატენტის" თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის განცხადებით, მათი ცენტრი დაინტერესებულია, ამ სფეროში შექმნილი მდგომარეობა მოწესრიგდეს, რათა ავტორთა უფლებები დაცული იყოს. ამ მიზნით, "საქპატენტი" უცხოელ ექსპერტებსაც მოიწვევს და ოპტიმალური სქემა შემუშავდება.
საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარის ელგუჯა შაფათავას განცხადებით კი, მათი ორგანიზაცია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 100-მდე სახვადასხვა ქვეყნის 2 მლნ-ზე მეტი ავტორის უფლებებს იცავს. ეს ავტორები ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჰონორარებს იღებენ.
შაფათავა მიიჩნევს, რომ "საქპატენტმა" ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ამ პროცესს, ხოლო მოსარგებლეებმა, რომლებიც ავტორთა ნაწარმოებებს იყენებენ, ავტორთა საზოგადოებასთან საჰონორარო ტარიფების განსასაზღვრად, სალიცენზიო ხელშეკრულებები მათთან უნდა გააფორმონ. თუ ტარიფები მოსარგებლეებისთვის მისაღები არ იქნება და სადავო გახდება, მოსარგებლეებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.
ანალოგიური შეხვედრები სექტემბრამდე გაგრძელდება, რის საფუძველძეც საბოლოოდ სამოქმედო გეგმა დაიდება.