"ხალხის პარტია" საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რამინ ბაირამოვის მამას ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა.
შალამბერიძის მტკიცებით, გამბარ ბაირამოვი ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის მსჯავრდებულ ნაზიმ რაჯამოვის მამას მამედ რაჯამოვს დაჰპირდა, რომ 30 ათასი დოლარის სანაცვლოდ შვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაში დაეხმარებოდა.
"მხარეები 18 ათას დოლარზე შეთანხმდნენ, რომელიც რაჯამოვმა, ბაირამოვის სახლში გადასცა პაატა კიმოთიძეს. ეს უკანასკნელი კი დეპუტატის მამამ რაჯამოვს წარუდგინა როგორც პროკურორი, რომელიც, თითქოს, უშუალოდ მოაგვარებდა საპროცესო შეთანხმებას დეპუტატ რამინ ბაირამოვის დახმარებით.
თუმცა, თანხის აღების შემდეგ, პაატა კიმოთიძე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, შესაბამისად, მსჯავრდებული ისევ პატიმრობაში დარჩა. ამის გამო მამედ რაჯამოვი ფულის დაბრუნებას სასამართლოს ძალით შეეცადა, მაგრამ საოლქო პროკურატურამ, სარჩელზე, რომელიც დეპუტატის ოჯახის დანაშაულთან იყო დაკავშირებული, რეაგირება არ მოახდინა და საქმე დაფარა", - აღნიშნა შალამბერიძემ.
ამასთან, შალამბერიძემ პარტიის სახელით საქართველოს პრეზიდენტს, მთავარ პროკურატურას და სახალხო დამცველს მიმართა, რათა ფაქტთან დაკავშირებით მოახდინონ რეაგირება.
"დაზარალებულს უნდა დაუბრუნონ 18 ათასი დოლარი, გამოიძიონ საოლქო პროკურატურის და კერძოდ, პროკურორ ზურაბ კოჭლამაზიშვილის მიერ დანაშაულის დაფარვის მიზეზები და დაიწყონ ამ საქმის შესწავლა", - აღნიშნა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა.
ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის ნაზიმ რაჯამოვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.