საქართველო აზიის განვითარების ბანკიდან 300 მილიონ დოლარს მიიღებს. მთლიანობაში კრედიტი 32 წლის ვადით გამოიყოფა. საშეღავათო პერიოდის - 8 წლის განმავლობაში წლიური 1 %-ით, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში, წლიური 1,5%-ით.
თანხას აზიის განვითარების ბანკი სამ ტრანშად გამოყოფს. პირველი ტრანშის მოცულობა 85 მილიონ დოლარს შეადგენს, რომელიც საავტომობილო გზების განვითარებას და თბილისის მეტროს ხაზების გაფართოებას მოხმარდება.
ამ თანხითვე გათვალისწინებულია საფეხმავლო და ველოსიპედისთვის გამოყოფილი გზების მოწყობაც, რაც ქალაქებში, მათ შორის მესტიაშიც, ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. მეორე ტრანშის მოცულობა 100 მილიონს, ხოლო მესამე ტრანშის - 115 მილიონ დოლარს შეადგენს.
"თანხა ქალაქების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, რაც საავტომობილო მოძრაობას მოაწესრიგებს, საცობებს შეამცირებს და ამავე დროს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას~, - აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში.