საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტით განისაზღვრა.
წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის გამოჯანსაღების არსებული ტემპების გათვალისწინებით 2010 წელს მშპ-ს ზრდის ტემპის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.6%-ს შეადგენს. ეკონომიკურ ზრდას მიმდინარე წელს ძირითადად ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორები განაპირობებს. მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 6 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა ინფლაციის ზრდის მცირე რისკები მაინც არსებობს.
მიუხედავად მცირე კლებისა, კვლავ მაღალია ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპი. ფულის მასის ზრდას, ერთი მხრივ, ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება, ხოლო მეორე მხრივ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეკონომიკის დაკრედიტების მზარდი ტემპი განაპირობებს.
ივნისის თვეში გაიზარდა სწრაფი ფულადი გზავნილებით შემოდინებები. აღსანიშნავია, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან შემოდინებების შემცირების ტენდენცია, რაც ამ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემებით აიხსნება.
არსებული ინფორმაციით, რისკები ეკონომიკის მომავალ დინამიკასთან დაკავშირებით ორივე მხარეს არსებობს. ერთი მხრივ, ფულადი აგრეგატებისა და ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპები ეკონომიკის სწრაფ გამოცოცხლებაზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ გაურკვეველია უცხოური პირდაპირი ინვესტიციებით კაპიტალის შემოდინების ტემპი.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 18 აგვისტოს გაიმართება.