საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმ ქართველ ბიზნესმენებს აკრიტიკებს, რომლებიც ამერიკელების მიერ დღეს გამართულ სემინარზე არ მივიდნენ. მისი თქმით, აშშ საქართველოსთვის ექსპორტის საუკეთესო მიმართულებაა და ამ საშუალების არგამოყენება დიდი შეცდომაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მესამე ექსპორტის მიმართულება საქართველოსთვის არის ამერიკა, აზერბაიჯანისა და თურქეთის შემდეგ. ეს არის უკიდეგანო ბაზრი. მთავრია, ამ ბაზარზე სხვადასხვა ნიშის გამოყენება კარგად ვისწავლოთ. დღეს დილას ამაზე სემინარი ჩაგვიტარეს ცარიელ დარბაზში, რადგანაც არ იკადრეს ჩვენმა ბიზნესმენებმა დილის 9 საათზე გაღვიძება. 9 საათზე რომ არ გინდა გაღვიძება, იმისთვის, რომ შენთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გაიგო, თუ როგორ უნდა აიღო უმნიშვნლოვანესი ბაზარი შენი ქვეყნისთვის და შენ თვითონ ჯიბე გაისქელო, მაშინ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!" - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქართველმა ბიზნესმენებმაც და მთავრობის წევრებმაც კულტურა უნდა შეიცვალონ და სათავისოდ გამოიყენონ ის სიტუაცია, რომელიც ამჟამად აშშ-ში საქართველოსთან მიმართებაში სუფევს. პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკული ბაზარი საქართველოსთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე რუსული.
"კულტურის შეცვლა სჭირდება ბიზნესსაც და ჩვენ ყველასაც. რუსული ბაზარი არის 250 მილიონი დოლარის, ამერიკული ბაზარი არის 2,5 მილიარდი დოლარის, თან არის ხალხი, ჩვენ მიმართ ათასჯერ უფრო კეთილგანწყობილი და ბევრად კარგად იციან საქართველო ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა. გამოვიყენოთ ეს. ჰილარი კლინტონი ქართულ ღვინოს სვამს, მაკკეინი იძახის, რომ ეს არის თავისუფლების ღვინო. ეს არის დიდი რეკლამა. ისინი რაღაცნაირად გვქაჩავენ, უნდათ, რომ ჩავებათ ამაში და ჩვენ კიდევ ნელ-ნელა მივჩანჩალებთ, იმ იმედით, რომ იქნებ რუსეთმა ოდესმე გაგვიხსნას ბაზარი და მერე ისე მოგვიხუროს, როგორც მოლდოვას. ვიყოთ მაშინ ამაზე ჩამოკიდებული. არსებობს რუსეთზე ბერად უკეთესი ბაზრები", - განაცხადა პრეზიდენტმა.