საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მოვულობით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ამ მიმართულებით დაფიქსირებულ შედეგში - 25%, არაფერი საამაყო არ არის და ეს რიცხვი ყოველწლიურად უნდა იზრდებოდეს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ძალიან მარტივად შეიძლება სოფლის მეურნეობის წილის გაორმაგება შიდა ეროვნულ პროდუქტში, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლეს წლებში შიდა პროდუქციის ზრდა ბევრად უფრო ადვილად იქნება უზრუნველყოფილი.
"ამისთვის გვჭირდება, რომ ყველა დიდ სოფელში იყოს სწავული აგრონომი, ამ პროგარამზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. ამიტომ გთხოვთ, ამ მიმართულებზე დღეს ვისაუბროთ. მე მაინტერესებს თემები, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციას, რა თქმა უნდა, იცით, რომ წელს 122 ტრაქტორი და 25 კომბაინი შემოვიყვანეთ, შარშან ექსპორტი 25% იყო, მაგრამ ესეც უნდა გავაორმაგოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოში რა ტემპებითაც ტურისტების რაოდენობა იზრდება, ისე უნდა ორმაგდებოდეს სასოფლო-სამეურნეო საქონლის ექსპორტიც.
"როგორც საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა იზრდება, ის უნდა ორმაგდებოდეს ჩვენი სასოფლო-სამეურნეო საქონლის ექსპორტიც. 25% ექსპორტი არაფერი საამაყო არ არის. ყოველწლიურად უნდა ორმაგდებოდეს ეს მაჩვენებელი", - განაცხადა სააკაშვილმა.