თამარ მეფე მსოფლიოს სამეფო წარმომავლობის იმ ექვს ქალს შორის მოხვდა, რომელიც გავლენიანმა ამერიკულმა ტელეარხმა „History“-მ ქმრებზე გამარჯვებულ ქალებად დაასახელა. „თამარ მეფე მრავალი პოლიტიკოსი ქალის შთაგონების წყაროდ იქცა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თაყვანისმცემელი ჰილარი კლინტონია“, - ნათქვამია ტელეკომანიის მიერ, თავის ვებგვერდზე, გამოქვეყნებულ სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ ყველა სამეფო ქორწინება არც ისე ბედნიერი იყო. „ისინი ებრძნოდნენ ლოთ ქმრებს, უსიყვარულო ქორწინებებს, კლავდნენ მეუღლეებს. ხელმძღვანელობდნენ აჯანყებებს ან მშვიდად ელოდნენ როდის გაუღიმებდათ ბედი. სწორედ ასეთ ქალებს შესწევდათ უნარი თავად ემართათ საკუთარი ბედი.“
თამარ მეფე
თამარი, საქართველოს მეფის, გიორგი მესამის ერთადერთი ქალიშვილი იყო. 1178 წელს მამამ ის თავის თანამოსაყდრედ გამოაცხადა და მასთან ერთად მართავდა ქვეყანას. გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ, თამარი ავიდა გაერთიანებული საქართველოს სამეფოს ტახტზე და კიდევ უფრო განიმტკიცა მმართველობა და ძალაუფლება.
1187 წელს, თამარი, მისი ძლევამოსილი მამიდის, რუსუდან ბაგრატიონის დაჟინებული მოთხოვნით დაქორწინდა ნოვგოროდის პრინცზე, იური ბოგოლუბსკიზე. მათი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა, მეფის მეუღლის უმსგავსო ქცევების გამო. მას შემდეგ, რაც ბოგოლუბსკიმ მეუღლეს საჯაროდ უსაყვედურა იმის გამო, რომ ამ დრომდე მემკვიდრე არ გაუჩინა, თამარ მეფე გაშორდა მეუღლეს და მდიდრულ გადასახლებაში გააგზავნა. ამის შემდეგ თამარ მეფე მეორედ დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა.
ნოვგოროდელი პრინცი ადვილად არ შეურიგდა სამეფო კარიდან გაძევებას და თამარ მეფის წინააღმდეგ ორჯერ გაილაშქრა, მაგრამ სასტიკი მარცხი იწვნია. ბოგოლუბსკის კვალი მალევე წაიშალა ისტორიიდან, თამარ მეფე კი დღემდე ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მმართველად ითვლება. ის 1213 წელს გარდაიცვალა. თამარ მეფე საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული.
თამარ მეფე მრავალი პოლიტიკოსი ქალის შთაგონების წყაროდ იქცა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თაყვანისმცემელი ჰილარი კლინტონია.
ეკატერინე დიდი
რუსეთის იმპერატორის პეტრე მესამის მეუღლე, რომელიც 34 წლის განმავლობაში მართავდა რუსეთის იმპერიას. საქმროსთან პირველი შეხვედრით მოხიბლულ ეკატერინეს, იმედები მალე გაუცრუვდა, გარდა იმისა, რომ პეტრე მესამე მთელი დღეების განმავლობაში მხოლოდ სათამაშო ჯარისკაცებით ერთობოდა, უგულვებელყოფდა ეკატერინეს და ძალადობდა კიდეც მასზე.
„იმპერატრიცა“ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ტახტზე
პეტრე მესამე ავიდა, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ გონებასუსტი მმართველი ქვეყანას დაღუპვის პირამდე მიიყვანდა. ეკატერინე სათავეში ჩაუდგა გადატრიალებას, ტახტიდან ჩამოაგდო მეუღლე და ციხეში გამოკეტა, სადაც მოგვიანებით, სწორედ მისი ბრძანებით მოკლეს კიდეც.
1761 წლიდან დაიწყო მისი ხანგრძლივი მმართველობის ერა, რომელიც გაგრძელდა მის გარდაცვალებამდე, 1796 წლამდე. მან ისტორიაში დაიმკვიდრა განმანათლებელი
„კეთილგანწყობილი დესპოტი“ მონარქის სახელი.
დედოფალი იზაბელა - საფრანგეთის ქალი მგელი კაპეტინგების დინასტიიდან
ინგლისის მეფე ედუარდ მეორის ცოლი. 12 წლის იზაბელასთვის ქორწინების ღამე ძალიან მძიმე აღმოჩნდა, რადგან მეფე მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ საყვარელთან ურთიერთობით იყო დაკავებული.
ედუარდთან
ფორმალური მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, მას ძალიან აწუხებდა მისი ქმრის ურთიერთობები საყვარლებთან. მოგვიანებით მან სთხოვა მეუღლეს, გაეგზავნა საფრანგეთში დიპლომატიური მისიით, საიდანც მან მეუღლის წინააღმდეგ დიდგვაროვნების აჯანყების ორგანიზება მოახერხა.
მალევე, ის შეიჭრა ინგლისში, რის პარალელურადაც ინგლისის პარლამენტმა ტახტიდან ჩამოაგდო ედუარდ მეორე. სამეფო ტახტი მათმა შვილმა ედუარდ მესამემ დაიკავა, რომლის რეგენტიც გახდა დედოფალი იზაბელა. სრულწლოვანების მიღწევისთანავე ედუარდ მესამემ სიკვდილით დასაჯა დედოფლის მოკავშირე ბარონი როჯერ მორტიმერი, ხოლო იზაბელას სამუდამო შინაპატიმრობა მიუსაჯა.
როდესაც იზაბელა გარდაიცვალა, ის დაკრძალეს საქორწინო სამოსით, რომელიც ეცვა ედუარდ მეორესთან ქორწინების დღეს. გადმოცემის თანახმად, იზაბელას თხოვნით, ზარდახშაში განთავსებული მეუღლის გულიც მასთან ერთად დაკრძალეს. თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდაა.
ანა კლეველი - ჰენრი VIII ტიუდორის მეოთხე ცოლი

ანა კლეველის და ჰენრი ტიუდორის პოლიტიკური ქორწინება ჰანს ჰოლბეინის მიერ იდეალურად შესრულებული ანას პორტრეტის წყალობით შედგა. 1539 წელს ის სამშობლოდან, გერმანიიდან ინგლისს გაემგზავრა სადაც როჩესტერის ციხე-სიმაგრეში დაიდო ბინა. მომავალი მეუღლის გარეგნობით შეცბუნებულმა ჰენრი მერვემ თავის მინისტრებს განუცხადა - „მე ის არ მომწონს“. ამას ისიც დაემატა, რომ ანა კლეველი მხოლოდ გერმანულად საუბრობდა, ჰენრის კი გერმანულად ერთი სიტყვაც არ ესმოდა. მიუხედავად ამისა, ისინი 1540 წელს მაინც დაქორწინდნენ, თუმცა იმავე წელს განქორწინდნენ.
განქორწინების შემდეგ, ანას და ჰენრის ურთიერთობა მეგობრული გახდა. სიცოცხლის ბოლომდე ჰენრი ტიუდორი ანა კლეველის მიმართ უდიდეს პატივისცემას იჩენდა და სასახლის კარზეც მიღებული იყო.
ჰენრისთან განქორწინების შემდგომ მას დიდი ქონება და მამულები გადაეცა, მას სიცოცხლის ბოლომდე მოიხსენიებდნენ როგორც ჰენრის საყვარელ ქალს. იგი დაესწრო ედუარდ VI-ის და მერი I-ის კორონაციას, იგი ასევე მოესწრო ჰენრის და მისი ყველა ცოლის გარდაცვალებას. მან სიცოცხლეში სამი რელიგია შეიცვალა - ლუთერანიზმი, ანგლიკანიზმი და კათოლიციზმი.
კაროლინა ბრაუნშვეიგი - უგვირგვინო დედოფალი
კაროლინა ბრაუნშვეიგი და გაერთიანებული სამეფოს მონარქი, ჯორჯ მეოთხე პირველად ერთმანეთს წმინდა ჯეიმსის სასახლეში, ქორწინების დღეს შეხვდნენ. სამეფო წყვილი ერთმანეთით არ აღფრთოვანებულა, ჯორჯ მეოთხე მეუღლეს გონჯსა და ბინძურს ეძახდა,
ხოლო კაროლინა გაოცებული აღნიშნავდა, რომ მის მეუღლეს არაფერი ეცხო იმ სიმპათიური ადამიანისა, რომელიც მას პორტრეტზე ენახა.
არანაკლებ უსიამოვნო გამოდგა მათი პირველი ღამე, რომელიც ჯორჯის სიმთვრალის გამო წარუმატებლად დასრულდა. ქორწინებიდან მეცხრე თვის თავზე სამეფო წყვილს შეეძნა ქალიშვილი, შარლოტა. ამ დროისთვის, ცოლ-ქმარი უკვე განცალკევებით ცხოვრობდა. კაროლინამ საყვარელიც კი გაიჩინა, იტალიელი ბართოლომეო პერგამი, რომელთან ერთადაც იმოგზაურა ევროპის გარშემო.
1820 წელს გარდაიცვალა, ჯორჯის მამა, მეფე ჯორჯ მესამე. სამეფო ტახტზე ჯორჯ მეოთხე ავიდა, ამ წუთიდან, ფორმალურად, კაროლინაც გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ხდებოდა, თუმცა მეფემ ამცნო მთელ ქვეყანას, რომ კაროლინა მისი დედოფალი არ იქნებოდა.
1821 წლის ივლისში, კაროლინა ეცადა ხელი შეეშალა ჯორჯ მეოთხის კორონაციისთვის და ამ მიზნით ვესტმინსტერის სააბატოს კარიბჭესთან დახვდა მეფეს, თუმცა მისი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ერთი თვის შემდეგ კაროლინა გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, საკუთარი საფლავის ეპიტაფიით - „აქ განისვენებს კაროლინა, ინგლისის გულნატკენი დედოფალი“, მან მაინც მოახერხა შური ეძია ჯორჯ მეოთხეზე.
ლედი დიანა - ხალხის პრინცესა
ლედი დიანა სპენსერი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს 19 წლის ასაკში შეუერთდა, როდესაც ცოლად გაჰყვა ტახტის მემკვიდრე ჩარლზ უინძორს. აშკარა იყო, რომ სამეფო წყვილს ერთმანეთის მიმართ რომანტიკული გრძნობები არ აკავშირებდა.
პრინცი ჩარლზი ქორწინების მიუხედავად ურთიერთობას აგრძელებდა კამილა ბარკერ
ბოულზთან. პრინცესა დიანა მეუღლის გამუდმებულმა ღალატმა დეპრესიამდე მიიყვანა. თუმცა საზოგადოების წინაშე პრინცესა განაგრძობდა ძლიერი და ბედნიერი ქალის იმიჯის შენარჩუნებას. ის საყოველთაო სიყვარულის სამიზნე იყო, მას აღმერთებდნენ. მისმა ერთ-ერთმა ინტერვიუმ მნიშვნელოვნად დააზიანა პრინცი ჩარლზის რეპუტაცია.
გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, ლედი დიანას მიმართ სიყვარული არ განელებულა, რასაც ვერ ვიტყვით პრინც ჩარლზე, რომლის რეიტინგი დღითიდღე კლებულობს. ამბობენ, რომ დედოფალი ელისაბედის სიკვდილის შემდეგ, ტახტი არა ჩარლზს, არამედ მის ვაჟს პრინც უილიამს გადაეცემა.