დღეს, 21 ივლისს, ცხინვალში ცხინვალი-ვლადიკავკაზის სამგზავრო ავტობუსის ავტოავარიის დროს გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების თავმჯდომარეზე დომენტი კულუმბეგოვზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გადაცვლილთა დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, დღეს, ცხინვალში 9 მოქალაქეს დაკრძალავენ, ხოლო დანარჩენი სამი - სამი წლის მარატ ჯაჯიევა, 10 წლის მარინა მაისურაძე და მადინა ჯიოევა გუშინ დაკრძალეს.
კულუმბეგოვის განცხადებით, ავარიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს კოკოითის ბრძანების მიხედვით მატერიალური დახმარებას აღმოუჩენენ და 100 ათას რუბლს გადასცემენ, ხოლო დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება გაირებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ე. წ. სამხრეთ ოსეთში გლოვის დღეა. 18 ივლისს ცხინვალი-ვლადიკავკაზის სამგზავრო ავტობუსმა ავტოავარია განიცადა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 11 მგზავრი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, არიან დაშავებულები. ავტობუსის მძღოლი დაკავებულია.
საქართველოს მთავრობა ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
საქართველოს მთავრობა მზადაა, დახმარება აღმოუჩინოს დაშავებულებს. მობილიზებულია სამედიცინო დაწესებულებები და სტაციონარები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად არიან დაზარალებულთა მისაღებად.