ხვალ, 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიების ფორმატში მუშაობას დაასრულებს. ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საგადასახადო კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.
პრეზიდენტი კონსტიტუციის ახალ პროექტს პარლამენტს წარუდგენს. დღესვე შეიქმნება პროექტის საორგანიზაციო განხილვის ჯგუფი. საორგანიზაციო ჯგუფი ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვისთვის იქნება და ამ ჯგუფში წარმოგენილნი არიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კომისიაში უმრავლესობაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. საორგანიზაციო ჯგუფი ერთი თვის განმვლობაში იღებს მოქალაქეთა წინადადებებს და შენიშვნებს და ერთი თვის ბოლოს იმართება შემაჯამებელი სხდომა და პარლამენტს გადაეცემა წინადადებები განსახილველად. სწორედ ამ პროცედურის შემდეგ იწყება პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცედურა.
შემაჯამებელი სხდომის გამართვა აგვისტოს ბოლოს დაიგეგმება. ხოლო დღევანდელ რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე მოხდება საკითხის ინიცირებაც და რიგგარეშე სესიაზე დამტკიცდება საორგანიზაციო ჯგუფის შექმნის საკითხი.
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში წინასაარჩევნო რეჟიმზე იყო გადასული. ამ ხნის განმავლობაში პარლამენტს ინტენსიურად არ უმუშავია. ამის გამო, საგაზაფხულო სესიის დახურვის მიუხედავად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომების ფორმატით საქმიანობა ივლისშიც მოუხდა. საგაზაფხულო სესია, რეგლამენტის თანახმად, ივნისის ბოლო პარასკევს, 25 ივნისს დაიხურა. საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.