"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის, გაზეთ "პრაიმ ტაიმისა" და "დრონი ჯი"-ს წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სარჩელს მიმდინარე კვირის ბოლოს შეიტანს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრესსამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, სარჩელი ჯერ კიდევ მზადების პროცესში და სასამართლოში კვირის ბოლოს შევა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის გარემოცვამ და კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ბიზნესმენებმა, 1 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხეს ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის ერთ-ერთ მეგობარს. მედიის ცნობით, აღნიშნული თანხა უშუალოდ ბადრი ბიწაძემ მიიღო, ამ თანხის ნაწილით კი ბურჯანაძემ წყნეთში ახალი აგარაკი შეიძინა.
ნინო ბურჯანაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ აღნიშნული აგარაკის მეპატრონეა. მისი განცხადებით, ის ამ აგარაკზე ცხოვრობს, თუმცა, ეს აგარაკი სხვისი საკუთრებაა.
~ჩემს ოჯახს მართლა რომ იმ კრიტერიუმებით ეცხოვრა, რასაც ასე მონდომებით გვაბრალებს სააკაშვილი, მასეთი სახლი ათი გვექნებოდა და არა მარტო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ისევე როგორც ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს აქვთ დავოსში, ნიცასთან ახლოს და ეს მასალები აუცილებლად დაიდება~, - აღნიშნა მან.