16-17 ივლისს ქ. ალმა-ატაში გაიმართა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა, სადაც ქართულ დელეგაციას საგრეო საქმეთა მინისტრი გრიგლ ვაშაძე ხელმძღვანელობდა. ალმა-ატაში ეუთო-ს წევრ-სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ წლის ბოლოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, სამიტის გამართვის შესაძლებლობაზე.
ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ აუცილებლობაზე, შემუშავდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც პასუხს გასცემს კორფუ-ს პროცესის ფარგლებში გამოკვეთილ შემდეგ 4 პრიორიტეტულ მიმართულებას: (1) სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ განზომილებებში ეუთო-ს ინსტრუმენტების გამტკიცება კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების, პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციის მექანიზმების დახვეწის მიზნით; (2) ეუთო-ს ნორმების, პრინციპებისა და ვალდებულებების იმპლემენტაციის მონიტორინგი; (3) ჩვეულებრივ შეიარაღებაზე კონტროლის სისტემის გაძლიერება; (4) დღეს არსებულ ტრანსნაციონალურ საფრთხეებზე ეფექტური რეაგირება.
მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ასტანაში სამიტის ჩატარების წინაპირობა უნდა გახდეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და ეუთო-ს ფარგლებში არსებული სხვა კონფლიქტების მოგვარებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯები.
"საქართველოს უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტის დროში გადადება, ან შენელება უარყოფითად აისახება ეუთო-ს წევრი-სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე, ვინაიდან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სრულიად ევროპის უსაფრთხოებას", - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ცნობილია, შეხვედრის ფარგლებშიMეუთო-ს წევრ-სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მოწვეული სტუმრების განხილვის საგანი იყო უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპაში არსებული გამოწვევები და უსაფრთხოების დიალოგის გაფართოების გზები და მიზნები.