სასტუმრო "რედისონში" საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი განიხილება. დღესვე კომისიის წევრები იმსჯელებენ განიხილონ თუ არა ის შენიშვნები, რომელებიც გერმანიაში გამართული კონფერენციის დროს წარმოიშვა. ამჟამად "რედისონში" სარედაქციო სხდომა მიმდინარეობს, 15:00 საათიდან კი უკვე პლენარული სხდომა დაიწყება და კომისიის წევრები კონსტიტუციის საბოლოო ვარინტს მიიღებენ. მას შემდეგ, რაც კომისია კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტს შეარჩევს, იგი განსახილველად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, პრეზიდენტი კი მას პარლამენტში შეიტანს.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, ახალ კონსტიტუციაში გაძლიერებულია პარლამენტის უფლებამოსილება. ასევე, სახელმწიფო განშტოებების - პრეზიდენტის, პარლამენტის და მთავრობის უფლებამოსილებები ბალანსირდება.
"ძირითადი ამოცანა, რომელიც იყო დასახული კომისიის შექმნის დროს, მე ვფიქრობ მიღწეულია, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ ის მთავარი პრობლემა და ეს იყო ის, რომ დაუბლანსებელი არის სახელმწიფო განშტოებების სისტემა ერთი განშტოების სასარგებლოდ. ჩვენ ვეცადეთ გამოგვესწორებინა ეს ნაკლოვანება და შესაბამისად ძალაუფლება ერთგვარად გადანაწილებული არის საპრეზიდენტო განშტოებიდან პარლამენტსა და მთავრობაზე", - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისია ახალ კონსტიტუციაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. კონსტიტუციის მოდელს 2 დღის განმავლობაში, გერმანიაში, უცხოელი ექსპერტებიც განიხილავდნენ.