საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ოქროს გრან-პრის" სერიის ფინალურ ტურნირზე 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზის ხალიჩაზე ზაზა თურმანიძემ გაფართოებული შემადგენლობა გაიყვანა - შვიდივე წონით კატეგორიაში 3-3 სპორტსმენი. წინასწარი ეტაპი 9 ქართველმა დაძლია, მაგრამ ფინალში ვერც ერთმა მათგანმა ვერ გააღწია, ცხრავემ მესამე ადგილისთვის იჭიდავა.
ორ წონაში - 60 და 120 კილოგრამებში ქართული რეპეშაჟის ფინალები შედგა. მალხაზ ქურდიანმა (60 კგ) გიორგი ბალიაშვილს მოუგო, ლევან ბერიანიძემ (120 კგ) - დავით მოძმანაშვილს. ბესიკ გუჩაშვილი (55 კგ) მესამე ადგილზე იაპონელი იასუჰირო ინაბას ძლევით გავიდა, გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) - ირანელ ჯაფარ ალიდად დალირის სძლია, ბელდუხ გავაშელიშვილმა (96 კგ) - უკრაინელ ვალერი ანდრიცევს. გოგა ხუჭუასა (66 კგ) და ბექა ჭელიძეს (84 კგ) სამეულამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ.
ხუჭუამ ირანელ მოჰსენ იაჰან ბახშიანთან წააგო, ჭელიძემ კი - აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდნენ. 17 ივლისს ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა სტილში გამოვლინდნენ. 18-ში კი მედლებს ბერძენ-რომაელები გაითამაშებენ. საქართველოს ნაკრების სახელით 20 მოჭიდავე გავა ხალიჩაზე, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი - მანუჩარ კვირკველია, მსოფლიოს ჩემპიონი - რამაზ ნოზაძე და პრიზიორი - მანუჩარ ცხადაიაც.