ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების სავარაუდო დამრღვევთა სტატისტიკა საგანგაშო არ არის, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტატისტიკას, რის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, 9 875-მა მოქალაქემ დაარღვია.
მისი თქმით, ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არსებობს
„იმ ადამიანების, რომლებიც მიემგზავრებიან ევროკავშირის/შენგენის ზონაში და ზოგიერთი მერე არა შენგენის ზონით ან სხვა მიმართულებით ბრუნდებიან ან არ ბრუნდებიან, ყველას იდენტიფიცირება ვერ ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პირველი 6 თვის სტატისტიკა გვაქვს და ეს სტატისტიკა დამაიმედებელია. რაც ყველაზე მთავარია, არ არის საგანგაშო და ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ვმუშაობთ მომავალი კამპანიის დაგეგმვის, ასევე განხორციელების თვალსაზრისით, რათა ადამიანების ცნობიერება ავამაღლოთ იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები, თავშესაფარი არ უნდა მოითხოვონ, ვინაიდან საქართველო არის უკვე უსაფრთხო ქვეყანა და არ უნდა შევუქმნათ პრობლემები საკუთარ თავს. ამიტომ, მე ჩემი თანამოქალაქეების კეთილგონიერების დიდი იმედი მაქვს და ეს პროცესი თუ ისევე გაგრძელდა, როგორც წარიმართა აქამდე, მერწმუნეთ, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ჩვენი მობილურობის გაზრდას“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.