საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, განმეორებით, დამატებითი დაცვის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. სააკაშვილის ადვოკატ მარკიან გალაბალას განცხადებით, „მან გუშინ პირადად შეიტანა განცხადება კიევის ოლქის საიმიგრაციო სამსახურის სამმართველოში უკრაინაში დამატებითი დაცვის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით“.
უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა გასულ დღეებში უარი განუცხადა მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული განცხადების განხილვაზე, ვინაიდან ის არა პირადად სააკაშვილის, არამედ მისი წარმომადგენლების მიერ იყო შეტანილი.
ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საკითხის გასაჩივრებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, ,,ახლა კიევს აქვს მისი დეპორტირების ან ექსტრადირების უფლება".
ლუცენკომ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ქვეყანაში, ძალადობრივი გზით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, მაგრამ ხელისუფლება მათ ამის უფლებას არ აძლევს.