ლი ჰარვი ოსვალდმა 1963 წლის 28 სექტემბერს, მეხიკოში, საბჭოთა კავშირის საელჩოში, სატელეფონო ზარი განახორციელა, რომელსაც იმ დროს ამერიკული სპეცსამსახური ფარულად უსმენდა. ოსვალდი კონსულ ვალერი კოსტიკოვს ესაუბრა. მოგვიანებით, 1-ელ ოქტომბერს საელჩოში კიდევ ერთი ზარი გაისმა, რა დროსაც თავდამსხმელმა „ვაშინგტონში ტელეგრამასთან“ დაკავშირებით სიახლეების შესახებ იკითხა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, თუმცა პასუხი ჯერ არ არის. - ამის შესახებ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო არქივის მიერ გასაჯაროებულ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებში.
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობისთვის გასამართლებული ლი ჰარვი ოსვალდი 1959-1962 წლებში მინსკის რადიოქარხანაში მუშაობდა და რუს მარინა პრუსაკოვაზე იყო დაქორწინებული, თუმცა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემდეგ, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა.
ჯონ კენედი ტეხასის შტატის ქალაქ დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, მკვლელი ყოფილი საზღვაო ქვეითი ლი ჰარვი ოსვალდი აღმოჩნდა, რომელმაც გამოძიების ვერსიით, პრეზიდენტის კორტეჟს ცეცხლი 3-ჯერ გაუხსნა.
ლი ჰარვი ოსვალდი კენედის გარდაცვალებიდან 1.5 საათში დააკავეს, თუმცა ის 24 ნოემბერს საპატიმროში გადაყვანის დროს, ერთ-ერთი ღამის კლუბის მეპატრონემ, ჯეკ რუბიმ, პრეზიდენტის მოკვლის გამო, თითქოს, შურისძიების მოტივით ჩაცხრილა.
ჯონ კენედის მკვლელობის საქმის 3000-მდე დოკუმენტი გასაჯაროვდა. განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი. 2891 დოკუმენტი უკვე ნაციონალური არქივის ვებგვერდზეა განთავსებული.
მანამდე, 24 ივლისს იგივე ბაზაზე 3 900 დოკუმენტი აიტვირთა. თეთრი სახლის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე საქმიდან კიდევ რამდენიმე ათასი მასალა გასაჯაროვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა პრეზიდენტი ტრამპი დაარწმუნეს, რომ ყველა დოკუმენტის გამოქვეყნება ამ ეტაპზე არ შეიძლება, ამიტომ დანარჩენ დოკუმენტებს გამოძიების ფედერალური ბიურო და ცენტრალური დაზვერვის სამსახური 180 დღის განმავლობაში შეისწავლის, რის შემდეგაც ისინიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა კენედის მკვლელობის საქმეზე სპეციალური განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კენედის მკვლელობის საქმის არქივის გახსნა 25 წლის შემდეგ 2017 წელს იქნებოდა შესაძლებელი.