ჯონ კენედის მკვლელობის საქმის 3000-მდე დოკუმენტი გასაჯაროვდა. განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი. 2891 დოკუმენტი უკვე ნაციონალური არქივის ვებგვერდზეა განთავსებული.
მანამდე, 24 ივლისს იგივე ბაზაზე 3 900 დოკუმენტი აიტვირთა. თეთრი სახლის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე საქმიდან კიდევ რამდენიმე ათასი მასალა გასაჯაროვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა პრეზიდენტი ტრამპი დაარწმუნეს, რომ ყველა დოკუმენტის გამოქვეყნება ამ ეტაპზე არ შეიძლება, ამიტომ დანარჩენ დოკუმენტებს გამოძიების ფედერალური ბიურო და ცენტრალური დაზვერვის სამსახური 180 დღის განმავლობაში შეისწავლის, რის შემდეგაც ისინიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატში მოკლეს. 1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა კენედის მკვლელობის საქმეზე სპეციალური განკარგულება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კენედის მკვლელობის საქმის არქივის გახსნა 25 წლის შემდეგ 2017 წელს იქნებოდა შესაძლებელი.