დღეს, 15 ივლისს, 12:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ერთობლივი პრესკონფერენცია პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი თბილისის ოფიციალური ვიზიტით 14 ივლისს ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აეროპორტიდან საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა, სადაც ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
15 ივლისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი საუზმეზე "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და "სამართლიანი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს პეტრე მამრაძეს უმასპინძლებს.
საუზმე საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში 15 ივლისს, 09:00 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც ევროპის სახლში 10:00 საათზე, ბერნარ კუშნერი დებატებს დიპლომატიის კორპუსის, საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთის საელჩოში განუცხადეს, დებატებში ოპოზიციის მხრიდან "ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე, "კონსერვატორული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი და "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებაზე მიწვეულები არიან მთავრობის და უმრავლესობის წარმომადგენლებიც.
11:30 საათზე, კუშნერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. 14:50 საათზე საფრანგეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელი კავკასიის ფრანგული სკოლას (ვაკის პარკი), ხოლო შემდეგ საელჩოს მომავალ შენობას (კრწანისის რეზიდენცია, ეუთოს ყოფილი შენობა) დაათვალიერებს, რის შემდეგაც დელეგაცია კოდის ლტოლვილთა ბანაკის დასათვალიერებლად გაემგზავრება.
კოდაში კუშნერი ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს, გაეროს ლტოლვილთა ფონდის წარმომადგენელს პიტერ ნიკოლაუსს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ჰანსიორგ ჰაბერსა და მისი მოადგილეს, გენერალ ჟილ ჟანვიეს შეხვდება.