აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებმა დღეს სოხუმში აფხაზეთსა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
"აფხაზეთის მიმართ არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩართულობა აღიარების გარეშე", _ განაცხადა შეხვედრისას პიტერ სემნებმა და განმარტა, რომ მას მხედველობაში სხვადასხვა ჰუმანიტარული და ეკონომიკური პროექტის განხორციელება აქვს.
"თუკი პირველი ნაბიჯები წარმატებული იქნება, მაშინ სხვა შესაძლებლობებიც გაჩნდება. ჩვენი მიზანია ჩართულობა კავშირების განვითარების მიზნით აფხაზეთის მოსახლეობასთან. ცხადია, რომ ეს ევროპული მიწაა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. პოლიტიკურ სტატუსის გადაწყვეტის გარეშეც უნდა გავითვალისწინოთ", _ განაცხადა პიტერ სემნებმა.
თავის მხრივ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლებას ამ ეტაპზე კარგად ესმის ევროკავშირის პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში.
"დიახ, ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, მაგრამ არ არის საჭირო აფხაზეთის ციხეში დაბრუნება. აფხაზეთი არ უნდა განიხილებოდეს როგორც საქართველოს ნაწილი, ჩვენ უნდა განგვიხილონ როგორც აღიარებული ქვეყანა, პირველ რიგში, რუსეთის და რიგ არაევროპულ სახელმწიფოთა მიერ", _ განაცხადა ბაღაფშმა.