ხვალ, 15 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეწვევა. იმავე დღეს სსფ-ის მისია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ეწვევა. მისიის მიზანია ფონდის მიერ საქართველოსთვის სტატისტიკის სფეროში გაწეული ტექნიკური დახმარების ეფექტიანობის შეფასება.
მისია შეისწავლის სტატისტიკის ოფიციალური სფეროში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. მისიის წევრები შეხვდებიან საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელებს და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაკროეკონომიკური სტატისტიკის (ეროვნული ანგარიშები, ფასებისა და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა) მაჩვენებლების გაანგარიშებისა და გავრცელების საკითხებს. შესაძლებლობის ფარგლებში მისიის წევრები შეხვდებიან მონაცემთა მომხმარებლებს და დონორებს. ვიზიტის დროს იმსჯელებენ მომავალში ტექნიკური დახმარების შესაძლო პრიორიტეტების შესახებ.