15 ივლისს, 16:00 საათზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მაგისტრალური გაზსადენის ფოთი-სენაკის მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო მასალის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გაიმართება.
მილების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი 14 ივნისს გამოცხადდა. საქონლის მიწოდების სავალდებულო ვადაა არა უგვიანეს 2010 წლის 15 ოქტომბრისა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ზესტაფონი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენის სენაკი-ფოთის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ნებართვა აპრილში მიიღო. ახლად აშენებული მაგისტრალური მილსადენით უნდა განხორციელდეს გაზის გამათხევადებელი ტერმინალის, საქართველოს შავი ზღვისპირეთის საკურორტო-რეკრეაციული ზონის, ქ. ფოთის, სენაკისა და ხობის ბუნებრივი გაზით მომარაგება. პროექტი, რომლის განხორციელებაც შემოდგომაზე დაიწყება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მომზადდა.
პროექტის განხორციელება იგეგმება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.