საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დავით ტყეშელაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ყველა სოფელს თავისი აგრონომი უნდა ჰყავდეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს სამ წელიწადში უნდა გაორმაგდეს სოფლის მეურნეობის წილი ერთიან, შიდა პროდუქტში. ამის შესახებ სააკაშვილმა ავლაბრის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც რაიონების გამგებლებსა და გუბერნატორებს ხვდებოდა.
"ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო ჩვენი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დავით ტყეშელაშვილის, რომ ყველა სოფელს ჰყავდეს თავისი სწავლული აგრონომი. მოვამზადებთ ამ ხალხს და ეს იქნება ისევე, როგორც სოფლის ექიმი. უახლოეს სამ წელიწადში უნდა გავაორმაგოთ სოფლის მეურნეობის წილი ერთიან, შიდა პროდუქტში. 12 პროცენტამდეც ვერ აღწევს ეს შიდა წილი იმ პირობებში, როცა ჩვენი მოსახლეობა სოფლის არის თითქმის 50 პროცენტი. მიუხედავად ყველაფრისა, ვაგრძელებთ სკოლების მშენებლობას სოფელ გავაზში, ჩოხატაურში, ზუგდიდში და, რა თქმა უნდა, გაზიფიცირება და რეგიონალური განვითარება რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად", - განაცხადა სააკაშვილმა.