საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სვანეთში აფრასიძეების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ სიღარიბის, კრიმინალის, თავზეხელაღებულობის, ბანდიტიზმის ტრადიცია არ არსებობს და ასეთი სვანური, ზოგადქართული ტრადიცია საქართველოში არასდროს ყოფილა. მისი განმარტებით, როცა იგი მესტიაში მივა, წერილებს აფრასიძეების შეწყალებასთან დაკავშირებით აღარ მიიღებს. ამის შესახებ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, რაიონების გამგებლებსა და გუბერნატორებთან შეხვედრისას ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, მისი ოპოზიციაში ყოფნის დროს სვანეთში ვერც ერთი პარტია წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ატარებდა, რადგან ამას აფრასიძის ნებართვა სჭირდებოდა.
"შემდეგ ჯერზე როდესაც ავალ მესტიაში და ვინმე მომაწოდებს მათი შეწყალების წერილს, უკან დავუბრუნებ. იმიტომ, რომ ტრადიცია სიღარიბის, კრიმინალის, თავზეხელაღებულობის, ბანდიტიზმის არ არსებობს და ასეთი სვანური ზოგადქართული ტრადიცია საქართველოში არ ყოფილა. ასე ეგონა ყველას, ასე ეგონათ რუსებსაც, იმიტომ გვეძახის მათი ერთ-ერთი ბრიყვი მინისტრი ანომალიურ მთავრობას. მათთვის ნორმალურობა საქართველოში არის ბანდიტები, ქურდები და ყაჩაღები", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის გამონათქვამიც გაიხსენა, რომელიც მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
"პუტინმა თქვა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ხომ გითხარით ქართველებს სიმღერისა და კრიმინალის გარდა ცხოვრებაში არაფერი შეუძლიათო. მესტიაში წელს ყველა სკოლაში იქნება ინგლისურენოვანი მასწავლებელი. აქედანვე ვიწყებთ კომპიუტერიზაციას საქართველოში. ყველა პირველკლასელს ვურიგებთ კომპიუტერს. მესტიაში ვაკეთებთ პროგრამებს, სადაც გავწვრთნით და ვასწავლით ბიზნესის კეთებას", - განაცხადა სააკაშვილმა.