ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყიზილაჯლოში მომხდარი არის შემაშფოთებელი და ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც ამ დროისთვის დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის დანაშაულის კვალიფიკაცია უკვე ცნობილია და ახლა მნიშვნელოვანია, დროულად გაირკვეს მოტივი. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან დროულ გამოძიებას ელოდებიან.
„წინასაარჩეევნო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და რამდენიმე ადამიანის დაჭრა შემაშფოთებელია. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ზოგადად ყველა გამოვლენილ ინციდენტთან მიმართებით იყოს მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების გამოძიება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.