აჭარის მთავრობა რესპუბლიკის 2010 წლის ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების შედეგებს დადებითად აფასებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ბიუჯეტის შემოსულობების 2010 წლის ორი კვარტლის გეგმა 41 მლნ. 973 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 41 მლნ. 995 ათასი ლარი შეადგინა.
2010 წლის ექვს თვეში ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 35 მლნ. 973 ათასი ლარი იყო, ხოლო შესრულებამ 36 მლნ. 55 ათასი ლარი, ანუ 100,2 პროცენტი შეადგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 96 პროცენტი გადასხადებზე მოდის, რომელიც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს. ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის გეგმა 34 მლნ. 445 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 34 მლნ. 521 ათასი ლარი ანუ გეგმის 100,2 პროცენტი შეადგინა.
2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის სხვა შემოსავლების გეგმა 1 მლნ. 528 ათასი ლარი იყო, თუმცა საბოლოოდ შესრულებამ 1 მლნ. 534 ათას ლარი ანუ გეგმის 100.4 პროცენტი შეადგინა.
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2010 წლის ორი კვარტლის არაფინანსური აქტივების კლების (გაყიდვა) გეგმა 6 მლნ. ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 5 მლნ. 900 ათასი ლარი შეადგინა, ანუ გეგმა მხოლოდ 98,3 პროცენტით შესრულდა.
2010 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, აჭარის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლების ფაქტიურმა შესრულებამ 39,2 ათასი ლარი შეადგინა, აღნიშნული თანხა შპს „ინტურისტ პალასის" მიერ დაბრუნებულ სესხს წამოადგენს.