წლის ბოლომდე თურქეთის ქალაქ კუსადაში საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების პოპულარიზაციის და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ქართული სახლი გაიხსნება. როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" "საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციიდან" აცნობეს, ქართულ სახლში კულტურულ ღონისძიებსებთან ერთად საქართველოს საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციები გაიმართება და ხელი შეეწყობა ქართველი მეწარმეების თურქეთის და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან პარტნიორობას.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის" მიერ ინიცირებული საკურორტო ქალაქების ბათუმის და კუშადასის დაძმობილების პროექტის ფარგლებში 8-10 ივლისს ბათუმს თურქეთის რესპუბლიკის კუშადასის დელეგაცია ეწვია. კუშადასის მერიის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ მიიღო. შეხვედრაზე დაძმობილების პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს. მანამდე კი 10 წევრიანი დელეგაცია ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძეს შეხვდა.
მარტში ბათუმის მერიის წარმომადგენლები კუშადასში იმყოფებოდნენ, სადაც კუშადაშსა და ბათუმს შორის დაძმობილების წინასწარ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ოფიციალურად კი დაძმობილების მემორანდუმი 16 ოქტომბერს, კუშადასში დაძმობილებული ქალაქების ფესტივალზე გაფორმდება, რომელიც 12 დაძმობილებულ ქალაქს უმასპინძლებს. "საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციის" პრეზიდენტის მამუკა სხვიტარიძის განცხადებით, ეს ფაქტი სამთავრობო და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი პრაქტიკული მაგალითია.