დემოკრატიის ინსტიტუტი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს უკანონო სტატუსით ფუნქციონირებას აპროტესტებს და მისი შეცვლის მიზნით ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ასევე, დემოკრატიის ინსტიტუტი მოითხოვს აჭარის ტელევიზიის და რადიოს ადმინისტრაციისგან, რომ უახლოეს დღეებში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პირდაპირ ეთერში უზრუნველყოს ინტერაქტიული, საჯარო დებატები, რომელიც მათი თქმით, მხოლოდ ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის განსაზღვრის თემას უნდა დაეთმოს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დემოკრატიის ინსტიტუტიდან აცნობეს, რომ აჭარაში მოქმედებს "ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი", რომლის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა დღემდე ვერ მოხერხდა და იგი კანონმდებლობის დარღვევით ფუნქციონირებს.
დემოკრატიის ინსტიტუტი გამოთქვამს ეჭვს, რომ ხელისუფლება ან მომავალშიც აპირებს უკანონო სტატუსის მქონე მედიაორგანიზაციის დაფინანსებას, ან 2010 წლის დეკემბერში მის ლიკვიდაციას მოახდენს.
საქართველოს კანონით "მაუწყებლობის შესახებ", მუხლი 76, ნაწილი 19 განსაზღვრულია: "საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 31 დეკემბრამდე მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე", თუმცა კანონის აღნიშნული, იმპერატიული მოთხოვნა არ შესრულდა. ეს კი ნიშნავს, რომ 2007 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ტელევიზიისა და რადიოს არსებობის არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.
დემოკრატიის ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
ასევე, დემოკრატიის ინსტიტუტი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს, ჟურნალისტებსა და ტექნიკურ პერსონალს, რომ საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია იმ მედიაორგანიზაციის სტატუსთან დაკავშირებით, რომელშიც მათ მუშაობა უწევთ. კერძოდ, ეშლებათ თუ არა ხელი საჯარო მოხელის სტატუსით მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ახერხებენ თუ არა ისინი მუშაობისას საყოველთაოდ აღიარებული, ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების დაცვას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც მედიას საზოგადოების მიმართ გააჩნია.
"დემოკრატიის ინსტიტუტი მიმართავს აჭარის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს - 2010 წლის შემოდგომამდე მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ პრობლემის მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტელევიზია და რადიო დაიხურება. უარეს შემთხვევაში კი უკანონო სტატუსის მქონე მედიაორგანიზაციის დაფინანსება გაგრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (სამართლებრივი სტატუსის არმქონე ორგანიზაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ცალსახად არასწორია)', - ნათქვამია განცხადებაში.