"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განაცხადებით, პოლონეთის საგრეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას მიესალმება. ალასანიას თქმით, სიკორსკის ინიციატივით აღმოსავლეთის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება პროექტი, რომელიც კონკრეტულად იქნება მიმართული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. ამის შესახებ ალასანიამ სასტუმრო "რედისონში", რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. აღნიშნულ შეხვედრას "ქრისტიან -დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძეც ესწრებოდა.
"ვისაუბრეთ, საქართველოში შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე არჩევნების შემდეგ. გვქონდა საუბარი პოლონეთი-საქართველოს ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და საგრეო პოლიტიკურ საკითხებზე და მათ შორის რეგიონულ უსაფრთხოებაზე. რაც მთავარია, დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დავიწყოთ მზადება ხელისუფლების 1-ლი მშვიდობიანი ტრანზიციისთვის არჩევნების გზით. ამიტომაც ინიციატივითაც გამოვიდა მინისტრი, რომ აღმოსავლეთის თანამშრომლობის ფარგლებში ახალი პროექტის შემუშავებას ჩაეყაროს საფუძველი, რომელიც კონკრეტულად იქნება მიმართული საქართველოში საარჩევნეო გარემოს გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვაქვს ამერიკული მხარის ინიციატივა და სავარაუდოდ ევროპული მხარის ინიციატივაც გვექნება. ეს პროექტი ითვალისწინებს, კონკრეტულ მხარდაჭერას მედიის თავისუფლების, ტრანსაპარნტულობის და სხვა. რეალურად უნდა შეიქმნას გარემო ოპოზიციისთვის, რომ მოიზიდოს თანხები და იყოს ჩართული საარჩევნო პროცესებში", - განაცხადა ალასნიამ.