”უდავოდ ძალიან სამწუხაროა“ - ეს არის სიტყვები, რომლითაც შეაფასა ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები, - ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიცური სპექტრის, პრეზიდენტის მოსაზრებები უგულვებელყოს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც არაფრად ჩააგდოს.
”უდავოდ ძალიან სამწუხაროა“ - ეს არის სიტყვები, რომლითაც შეაფასა ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები. სამწუხაროა, რომ ”ქართულმა ოცნებამ“ სრულიად უარი თქვა კონსენსუსზე, ყველა ტიპის მოლაპარაკებაზე და ის ცდილობს, რომ კონსტიტუცია მოირგოს საკუთარ თავზე. ეს პირდაპირ და ცალსახად არის ნაჩვენები ამ დასკვნაში, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა. გუშინდელი ცრუ ჟივილ-ხივილი, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” განახორციელა, ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საქართველოში ინგლისური ბევრმა იცის, ყველამ იცის კითხვა და ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიამ ძალიან ცალსახად, გასაგები ენით ხაზი გაუსვა ყველა იმ პრობლემურ და ნეგატიურ საკითხს, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს ოფიციალურ გვერდზე, არის ერთგვარი გზავნილი, რომელიც გამოტანილია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სწორედ ეს არის ნეგატიური საქართველოსთვის და ძალიან ნეგატიური ”ქართული ოცნებისთვის“. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიცური სპექტრის, პრეზიდენტის მოსაზრებები უგულვებელყოს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც არაფრად ჩააგდოს. ეს არის პირდაპირი მცდელობა არჩევნების გარეშე გაიფორმოს ხელისუფლება ”ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი ამას, ოპოზიციური სპექტრი ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებაში ვენეციის კომისიის მხრიდან წინასწარი დასკვნა მიიღო.