თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალმა წევრმა თეიმურაზ მეტრეველმა თელავის მკვიდრი, 27 წლის დიტო დენტოშვილი სასიკვდილოდ ცემა. ინციდენტი 3 ივლისს, „ნადიკვარის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, ცემის შემდეგ მეტრეველმა დენტოშვილს თავში ქვა ჩაარტყა. ცემის შედეგად დენტოშვილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც გარდაიცვალა.
გარდაცვლილის დედის თამარ დენტოშვილის თქმით, მისი შვილი ერთი ადამიანის მიერ არ არის ნაცემი. „ჯგუფის მიერ არის ნაცემი. დაზიანებები სახისა და სხეულის არეში აქვს მიღებული", - ამბობს გარდაცვლილის დედა.
მომხდართან დაკავშირებით შს თელავის რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს. სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.
გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, თეიმურაზ მეტრეველი დაკავებული იყო, თუმცა გაათავისუფლეს.