აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მიერ ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება. ღონისძიება 9 ივლისს, ბორჯომის კულტურის სახლში 11:30 საათზე დაიწყება. ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ის საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე ეკონომიკური განვითარების სამინისტროებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე იქნებიან პარტნიორი ორგანიზაციები, მასპინძელი ოჯახები და მშვიდობის კორპუსის ხელმძღვანელები, აგრეთვე საქართველოში მშვიდობის კორპუსის ძველი და ახალი მოხალისეები.
მშვიდობის კორპუსი საქართველოში სამსახურის მე-10 წლისთავს მოხალისეთა ახალი, 30-კაციანი ჯგუფით აღნიშნავს. ეს მოხალისეთა მეორე ჯგუფია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, პროგრამის შეჩერების შემდეგ ჩამოვიდა. მოხალისეთა შორის 20 ინგლისური ენის მასწავლებელია, 10 ბიზნესის კონსულტანტი. ყველა მოხალისემ წარმატებით გაიარა 10-კვირიანი მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქართული ენისა და კულტურის გაცნობას, აგრეთვე ტექნიკურ და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ტრეინინგებს. იმისათვის, რომ მოხალისეებს ადაპტაცია გაადვილებოდათ, ისინი ბორჯომსა და მის გარშემო სოფლებში მასპინძელ ქართულ ოჯახებში ცხოვრობდნენ. მოხალისეები იმუშავებენ საშუალო სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად, ან ბიზნესის კონსულტანტად აჭარის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებში.
მშვიდობის კორპუსი საქართველოში საქართველოს მთავრობის თხოვნით მოღვაწეობს. კვალიფიციური ადამიანური რესურსების გამოყენების გზით, მშვიდობის კორპუსი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, აგრეთვე საქართველოსა და ამერიკას შორის მეგობრობის გაღრმავებას უწყობს ხელს. მშვიდობის კორპუსი ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით დაფუძნდა. მშვიდობის კორპუსი ხალხთა შორის მეგობრობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება.
მშვიდობის კორპუსი საქართველოში 2001 წელს შემოვიდა. მას შემდეგ საქართველოში 300-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა. მშვიდობის კორპუსი მსოფლიოს უზიარებს შეერთებული შტატების ყველაზე ძვირფას რესურსს - ამერიკელ ხალხს. მოხალისეები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან და ამერიკის მრავალფეროვანი საზოგადოების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენენ. 2011 წელს მშვიდობის კორპუსი 50 წლის იუბილეს იზეიმებს. 1961 წლიდან დღემდე მშვიდობის კორპუსის 200 000-მა მოხალისემ მსოფლიოს 139 ქვეყანაში იმსახურა. დღეს მშვიდობის კორპუსში 7 876 მოხალისე აფრიკის, კარიბის აუზის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის, აგრეთვე ევროპისა და აზიის 78 ქვეყანაში მსახურობს.