ირანი „არარეალისტურად“ მიიჩნევს ჟენევაში თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე ევროპული ქვეყნების მიერ გაჟღერებულ წინადადებებს. ამის შესახებ გამოცემა Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ირანის დელეგაციასთან ერთად, პარასკევს გაიმართა და მისი მიზანი ირანსა და ისრაელს შორის შემდგომი ესკალაციის რისკის შემცირება იყო.
„ჟენევაში ევროპელების მიერ წარმოდგენილი დისკუსიები და წინადადებები არარეალისტური იყო. ამ პოზიციების დაჟინებით მოთხოვნა ირანსა და ევროპას შეთანხმებასთან არ დააახლოებს“, - განაცხადა გამოცემის წყარომ, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.
მისი თქმით, თეირანი შეისწავლის შეთავაზებულ წინადადებების პაკეტს და ოფიციალურ პასუხს მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე წარადგენს.
შესამჩნევი პროგრესის არარსებობის მიუხედავად, ორივე მხარემ დაადასტურა დიალოგის გაგრძელების სურვილი, თუმცა ახალი შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი შაბათს ირანელ კოლეგას ესაუბრა და განაცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა მოლაპარაკებების დაჩქარებაზე, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ირანმა არასდროს უნდა მიიღოს ბირთვული იარაღი და ირანზეა დამოკიდებული, უზრუნველყოს სრული გარანტიები, რომ მისი განზრახვები მშვიდობიანია“.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, ჟენევაში ირანთან მოლაპარაკებების დროს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს თეირანს, სწრაფად განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამაზე.