"თანასწორობის მოძრაობის" ორი წევრის, ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყება აღნიშნავს, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, გამთენიისას, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ბულვარში, კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
როგორც სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ. მათივე ინფორმაციით, ორი მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ამის შემდეგ პოლიციელებმა 1990 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1989 წელს დაბადებული თ.კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
სამართალდამცველებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც განაგრძობდნენ. ალკოტესტით შემოწმების შედეგად, ლ.ბ.-ს და თ.კ.-ს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდათ. პოლიციის განყოფილებაში ლ.ბ.-მ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დამნაშავის ამოცნობა შეეძლო. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება, აღნიშნული პირების მხრიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, საკითხს უკვე სწავლობს შსს-ს გენერალური ინსპეცია",-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, როგორც "თანასწორობის მოძრაობის" წევრმა ნინო ბოლქვაძემ აღნიშნა, მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე პოლიციამ ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემა და დააკავა.