საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით 3 პრობაციონერი გიორგი ჯოჯუა, გიორგი ტაბატაძე და უჩა ოდიაშვილი კვალიფიკაციას გერმანიაში აიმაღლებენ. ისინი გადამზადების კურსს ქ. რუსთავის პროფესიული გადამზადების ცენტრში გადიან. დღეს პრობაციონერები მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მოინახულა და მათ პროფესიული წარმატებები უსურვა.
რუსთავის პროკურატურის დახმარებით გიორგი ჯოჯუამ, გიორგი ტაბატაძემ და უჩა ოდიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს გერმანიის არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტში ,,ცხოვრების შანსი~. გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლება მათ საშუალებას მისცემს მანქანის ძრავების დიაგნოსტიკაში პროფესიონალ ოსტატებად ჩამოყალიბდნენ.
პრობაციონერები გიორგი ჯოჯუა, გიორგი ტაბატაძე და უჩა ოდიაშვილი, რომლებსაც დანაშაული არასრულწლოვნობის პერიოდში აქვთ ჩადენილი, წარმატების შემთხვევაში პროკურატურის შუამდგომლობითვე ქ. თბილისში, მშენებარე ავტოცენტრში დასაქმდებიან.
`გიორგი ჯოჯუა, გიორგი ტაბატაძე და უჩა ოდიაშვილი ნაკლებადმძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობის გადაწყვეტილება ახალგაზრდების პირადი საქმეების შესწავლის შემდეგ მიიღო _ სამივე მათგანი დადებითად ხასიათდება, მათ ოჯახებს კი ეკონომიკური პრობლემები აქვს. პროკურატურამ გაითვალისწინა ყველა ეს პირობა და პრობაციონერებს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მისცა _ მათ ექნებათ პროფესია და გარანტირებული სამუშაო ადგილი, რაც გიორგი ჯოჯუას, გიორგი ტაბატაძის და უჩა ოდიაშვილის სოციალურ მდგომარეობას ბევრად გააუმჯობესებს~, _ განაცხადა დავით საყვარელიძემ პრობაციონერებთან შეხვედრისას.
საქართველოს პროკურატურა დასაქმების პროგრამას პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში ახორციელებს, რაც მოქალაქეთა და სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობას გულისხმობს. პროკურორები მოსახლეობას ეხმარებიან ადგილობრივ პრობლემათა გადაჭრისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. პროექტის მთავარი პრიორიტეტია დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა, საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება. მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მთავარ პროკურატურასთან ერთად ათზე მეტი პრობაციონერი დაასაქმა.