9, 10 და 11 ივლისს 19:00 საათზე პირველად საქართველოში თბილისის მერის დავით ნარმანიას პატრონაჟით და გერმანიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „Youth for Classics in the Caucasus“ გაიმართება. კონცერტების სერია, რომელიც სამეფო უბნის თეატრში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს კლასიკური მუსიკას, კინომუსიკას და ასევე „ლაშარელას“ ფოლკლორულ საღამოს გიორგი უშიკიშვილის ხელმძღვანელობით.
9 ივლისს 19:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში ფესტივალი კლასიკური მუსიკის კონცერტით გაიხსნება ქ. იბენბიურენის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრისა და კავკასიის კამერული ორკესტრის გაერთიანებული შემადგენლობით , რომელსაც უხელმძღვანელებს გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი უვე ბერკემერი. პროგრამაშია ჩარპერტიერის, ჰაიდნის, სენტ-სანსის, მოცარტის, ბერკემერის, მარჩელოს და ფორეს ნაწარმოებები. დაუკრავენ ახალგაზრდა ტალანტები გერმანიასა და საქართველოდან: მარიე შტრუტმანი - ფლეიტა; ტიმ კიევითი - ტრომპეტი; ფელიქს მაიერი - ვიოლინჩელო; რეზი ხაინდრავა - ვიოლინჩელო; მარი ობოლაშვილი - ვიოლინო.
ამ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „Youth for Classics in the Caucasus“ მიზანია გააერთიანოს მუსიკოსები გერმანიიდან, კავკასიის სხვადასხვა რეგიონებიდან, ახალგაზრდა მუსიკოსებმა ერთობლივად იმუშავონ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მუსიკალური გამოცდილება, გამართონ კონცერტები და სამომავლოდ მოხდეს მათი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, ამ პროექტისთვის გერმანიის ქალაქ იბენბიურენის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ჩამოდის და თბილისში კავკასიის კამერულ ორკესტრს შეუერთდება, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი უვე ბერკემერი. კავკასიის კამერულ ორკესტრში გაერთიანებული არიან გამორჩეული მუსიკოსები მთელი კავკასიიდან.
კონცერტების შემდეგ 12 ივლისს ორკესტრი ბათუმში ვორქშოფის ჩასატარებლად გაემგზავრება.
კავკასიის კამერული ორკესტრი 2005 წელს შეიქმნა, კავკასიის რეგიონის გამორჩეული მუსიკოსების შემადგენლობით, რომლის ხელმძღვანელია გერმანელი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი უვებერ კემერი. ევროპის ტურნეს ფარგლებში ორკესტრს წარმატებული საკონცერტო გამოსვლები ჰქონდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა: ბერლინის საკონცერტო დარბაზი; ვენის ჰოფბურგის სასახლე, ბრიუსელის დიდი საკონცერტო დარბაზი და პარიზის შ.შ.მ სახლი. კავკასიის კამერული ორკესტრი, რომელსაც მხარი ევროპარლამენტმა რამდენჯერმე დაუჭირა, მიწვეული იყო ევროპარლამენტში (ბრიუსელი) და ევრო საბჭოში (სტრასბურგი).
2007 წელს ორკესტრის შესახებ 90 წუთიანი დოკუმენტური ფილმი „Grozny Dreaming“ გაკეთდა, რომელსაც 2008 წელს ვერონაში საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველი პრემია მიენიჭა. კავკასიის კამერულმა ორკესტრმა 2016 წელს ათი წლის იუბილე ევროპაში ტურნეთი აღნიშნა.