დღეს, ქ. ხაშურში, საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირი ერთ კვირას გრძელდებოდა და მასში მოანაწილეობა მიიღო ქალაქ ხაშურისა და ქარელის საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლემ, მათ შორის _ იმ სოფლების მოსწავლეებმა, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან.
ტურნირის ბოლო მატჩზე ქარელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ხაშურის 7-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისაგან შემდგარმა გუნდებმა იასპარეზეს. ფინალურ ეტაპზე ისინი მას შემდეგ გავიდნენ, რაც ქალაქის გუნდებს შორის პირველობა მოიპოვეს.
გამარჯვებულ გუნდს ფასიანი საჩუქრები და პირველობის თასი ხაშურის რაიონულმა პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა გადასცა. ტურნირის მონაწილეებს კი სიგელები და ფეხბურთის ფორმები დაურიგდათ.
სპორტული ღონისძიება ხაშურში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ თებერვალში გამოაცხადა დევიზით - "ახალგაზრდობა უდანაკარგოდ."
კამპანიის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და არასრულწლოვნების დანაშაულისგან არიდება.