ჩინეთში, ქ. ჩენგდუში საერთაშორისო ასოციაციის ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ ხელშეწყობითფორუმი და მრგვალი მაგიდა გაიმართა. მრგვალი მაგიდა თემაზე ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი - პერსპექტივები და შესაძლებლობები,“ჩინეთის საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური გამოფენისCITLE-სა და საერთაშორისო ლოგისტიკური გლობალური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა.
,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ ფორუმის გახსნის ცერემონიასა დასაერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საქართველოს რკინიგზის დელეგაცია, რომელსაც გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა ქ.ჩენგდუს მერსა და ვიცე-მერთან, სადაც საქართველოს რკინიგზის პოტენციალსა და ტრანსკასპიურ მარშრუტში მის როლზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძე ასევე შეხვდა ქ.ჩენგდუს მუნიციპალიტეტის პორტისა და ლოგისტიკის ოფისის დირექტორს ჩენ ჭონგ ვეის, სადაც საუბარი საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობებს შეეხო. ჩენ ჭონგ ვეიმ მარშრუტისადმი დიდი ინტერესი გამოხატა და ტრანსკასპიური დერეფნის დიდ მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. აღსანიშნავია ის, რომბიზნეს-ფორუმის მონაწილეებთან გამართულ შეხვედრებზე, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო, ევროპულ და აზიურ ბაზრებზე ტრანსკონტინენტალური მარშრუტების განვითარების ტენდენციის გავლენებსა და მულტიმოდალური გადაზიდვების ეფექტურობის ზრდის საკითხებზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთანამშრომლობა უდიდეს როლს თამაშობს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. ასევე, რეგიონალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა.
ჩინეთის საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური გამოფენის CITLE-ის ფარგლებში ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო მიმართულების კომპანიებთან ერთად, საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის ,,GR logistics & Terminals”-ის დირექტორმა ლევან სულაბერიძემ მიიღო მონაწილეობა. მრგვალი მაგიდა ბიზნესმენებისათვის აღნიშნული მარშრუტის შესაძლებლობების გაცნობასა და ახალი აბრეშუმის გზის მარშრუტზე არსებული ქვეყნების მდგრადი განვითარებისა და საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
ჩენგდუში ,,GR logistics & Terminals“-სა და ჩინურ კომპანია CRCT-ს (China Railway container transport) შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღსანიშნავია ის, რომ CRCT ჩინეთის რკინიგზის შვილობილი კომპანიაა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც დერეფნის განვითარებასა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე იმუშავებენ.
აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს დელეგაციის შეხვედრებმა ჩინური ბიზნეს-წრეების წარმომადგენლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. თითოეულმა მათგანმა საქართველოში ვიზიტისა და საქართველოს რკინიგზის პოტენციალის ადგილზე გაცნობის სურვილი გამოთქვა.
საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“-ს მთავარი მიზანი ტრანზიტული ტვირთის აღნიშნულ მარშრუტზე მოზიდვაა. ასევე, ალტერნატიულ მარშრუტებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდა, მარშრუტზე ინტეგრირებული ლოგისტიკური პროდუქტის განვითარება და ეფექტური სატარიფო პოლიტიკის გატარებაა. ასოციაცია, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფით, აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით, ტვირთის გადაზიდვის პროცესის მონაწილეებს კოორდინირებას უწევს.